ჩატვირთვა

კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების კლასიფიკაცია

კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების კლასიფიკაცია

კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების კლასიფიკაცია

 

ანტიმიკრობული ვაქცინები რამდენიმე ჯგუფად და ქვეჯგუფად  იყოფა

·         მთლიანი მიკროორგანიზმის შემცველი ვაქცინები

o   ინაქტივირებული - დახოცილ მიკროორგანიზმზე დაფუძნებული

o   ატენუირებული - დასუსტებულ მიკროორგანიზმზე დაფუძნებული

·         მიკროორგანიზმის კომპონენტზე (ე.წ. სუბერთეულზე ) დაფუძნებული ვაქცინები

o   მიკროორგანიზმის პროტეინზე დაფუძნებული

o   ვირუსის-მაგვარ ნაწილაკებზე დაფუძნებული

o   არარეპლიცირებად ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული

o   რეპლიცირებად ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული

o   დნმ-ზე დაფუძნებული

o   რნმ-ზე დაფუძნებული

 

 

მთლიანი მიკროორგანიზმის შემცველი ვაქცინები

 

მთლიანი მიკროორგანიზმის შემცველი ვაქცინები მიეკუთვნება ვაქცინების პირველ თაობას. ტექნოლოგიურად ამ ტიპის ვაქცინების წარმოება გაცილებით იოლია, ვიდრე მეორე და მესამე თაობის ვაქცინების.

ინაქტივირებული ვაქცინა არის ვაქცინა, რომელიც შეიცავს დახოცილ ვირუსებს ან ბაქტერიებს. ვირუსებს და ბაქტერიებს ზრდიან ლაბორატორიულ პირობებში  ე.წ. კულტურაში და შემდეგ ხოცავენ  ქიმიური (ფორმალდეჰიდი) ან ფიზიკური (გახურება) გზით. დახოცილ ვაქცინებს შენარჩუნებული აქვთ ანტიგენური თვისებები, რის საფუძველზეც ორგანიზმი გამოიმუშავებს მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებს.

დასუსტებული/ატენუირებული ვაქცინებიც იგივე პრინციპით მზადდება, ოღონდ ხდება მიკრობების „დასუსტება“ (და არა დახოცვა) ქიმიური, ფიზიკური ან რადიაციული მეთოდებით. დასუსტებულ/ატენუირებულ ვირუსს შენარჩუნებული აქვს გამრავლების უნარი, რის გამოც ორგანიზმის იმუნური პასუხი გაცილებით ძლიერია ინაქტივირებულ ვაქცინებთან შედარებით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დასუსტებულმა/ატენუირებულმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს იმ დაავადების სიმპტომები, რის წინააღმდეგაც არის შექმნილი.

კოვიდ-19 საწინააღმდეგო, ინაქტივირებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინები

o   BBIBP-CorV - სინოფარმი (ჩინეთი)

o   CoronaVac - სინოვაკი (ჩინეთი)

o   Covaxin - ბარატ-ბიოტეკი (ინდოეთი) 

o   TurkoVac - თურქეთი

o   KazVac - ყაზახეთი

 

მიკროორგანიზმის კომპონენტზე (სუბერთეულზე) დაფუნებული ვაქცინები

 

მიკროორგანიზმის კომპონენტზე (სუბერთეულზე) დაფუძნებული ვაქცინები ეკუთვნის მეორე თაობის ვაქცინებს.
ამ ტიპის ვაქცინები არ შეიცავს მთლიან ბაქტერიებს ან ვირუსებს. ეს ვაქცინები, როგორც წესი, შეიცავს პათოგენის ზედაპირიდან გამოყოფილ ერთ ან მეტ სპეციფიკურ ანტიგენს (ე.წ. "დროშებს"). კომპონენტზე დაფუძნებული  ვაქცინების უპირატესობა მთლიანი პათოგენის შემცველ ვაქცინებთან შედარებით  არის ის, რომ ადამიანის იმუნური რეაქცია ფოკუსირებულია მცირე რაოდენობით ანტიგენური სამიზნეების ("დროშები") ამოცნობაზე და მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებაზე.

 

მიკროორგანიზმის კომპონენტზე დაფუძნებული ვაქცინები ყოველთვის არ ქმნის ისეთ ძლიერ ან ხანგრძლივ იმუნურ პასუხს, როგორც ინაქტივირებული ან დასუსტებული ვაქცინები. ისინი, როგორც წესი, საჭიროებენ განმეორებით დოზებს (ბუსტერს) პირველი ვაქცინაციის შემდეგ და განმეორებით იმუნიზაციას მომდევნო  წლების განმავლობაში. ამიტომ კომპონენტზე დაფუძნებულ ვაქცინებს ხშირად უმატებენ ადიუვანტს. ნივთიერებას, რომლებიც ხელს უწყობენ ვაქცინაზე იმუნური პასუხის გაძლიერებას და გახანგრძლივებას. შედეგად, ამ ტიპის ვაქცინებით იმუნიზაციისას შეიძლება უფრო შესამჩნევი და ხშირი იყოს ადგილობრივი  რეაქციები (ნანემსრის ადგილის შეწითლება, ტკივილი).

 

პროტეინზე დაფუძნებული  ვაქცინები შეიცავს ვირუსისგან ან ბაქტერიებისგან  მოპოვებულ ფრაგმენტებს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს სპეციფიურ პროტეინს (ცილას). ასეთია, მაგალითად,    ინაქტივირებული ბაქტერიული ტოქსოიდური ცილები, რომელთა საფუძველზე მზადდება ტეტანუსის და დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ასევე შესაძლებელია, რომ სპეციფიური პროტეინი მიღებული იყოს მოკროორგანიზმის გარეშე, სინთეზური გზით. მაგალითად, ვირუსის მსგავსი ნაწილაკები, რომელთა საფუძველზე მზადდება  ჰეპატიტის B და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინები.

პროტეინზე დაფუძნებულ ვაქცინებში შეიძლება ასევე შედიოდეს ბაქტერიული ნახშირწყლების (პოლისაქარიდის) მოლეკულები, რომლებიც შეერთებულია (კონიუგირებულია) ცილებთან. ასეთებია Haemophilus influenzae ტიპის b (Hib), მენინგოკოკური და პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინები.

 

კოვიდ-19 საწინააღმდეგო, პროტეინის კომპონენტზე (სუბერთეულზე) დაფუძნებული ვაქცინა

o   NVX-CoV2373 - ნოვავაქსი (აშშ)

 

 

ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინები


ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინებიც მეორე თაობის ვაქცინებს განეკუთვნება და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა ახალი ვაქცინების შესაქმნელად.  გენეტიკურად მოდიფიცირებული ვექტორის საშუალებით ანტიგენის გენეტიკური კოდი (და არა თვით ანტიგენი) გადაეცემა მასპინძელ უჯრედებს ანტიგენის შექმნის ინსტრუქციით, რაც იწვევს იმუნურ რეაქციას.

ვექტორული ვაქცინები შეიძლება იყოს არარეპლიცირებად (ვექტორს არ აქვს გამრავლების უნარი) ან რეპლიცირებად ვექტორზე (ვექტორს აქვს გამრავლების უნარი) დაფუძნებული. ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინები გამოიყენება როგორც ინფექციური, ასევე ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. დღესდღეობით 50-ზე მეტ ვექტორულ ვაქცინაზე მიმდინარეობს კვლევები.

კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინების შემთხვევაში, ვექტორის საშუალებით მასპინძელ უჯრედებს გადაეცემათ ვირუსის „სპაიკ“ ცილის კოდი, ანტიგენის გამომუშავების ინსტრუქციით. ხდება ბუნებრივი ინფიცირების იმიტაცია, რაც  იწვევს ორგანიზმის საპასუხო იმუნურ რეაქციას, რომელშიც ჩართულია  როგორც ქსოვილოვანი იმუნიტეტის T უჯრედები, ასევე ანტისხეულების გამომამუშავებელი B უჯრედები.

კოვიდ-19 საწინააღმდეგო, ვექტორული  ვაქცინებია

o   Vaxzervia - ოქსფორდ/ასტრაზენეკა (დიდი ბრიტანთი/შვეცია)

o   JNJ-78436735 - ჯონსონ & ჯონსონ (აშშ)

o   SputnikV გამალეის ინსტიტუტი (რუსეთი)

o   Covishield - სერუმ ინსტიტუტ ოფ ინდია (ინდოეთი)

o   Convidencia - ქანზინო (ჩინეთი)

 

 

 

დნმ-ზე და რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები

 

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაზე (დნმ) და რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ)  დაფუძნებული ვაქცინები ეკუთვნის მესამე თაობის ვაქცინებს.

დნმ ან რნმ ვაქცინებს იგივე მიზანი აქვს, რაც ტრადიციულ ვაქცინებს, მაგრამ ისინი ოდნავ განსხვავებულად მუშაობენ. ვირუსის ან ბაქტერიის დასუსტებული ფორმის, ან რომელიმე კომპონენტის, ან  რეკომბინანტულ ვექტორში  ინტეგრირებული მიკრობის ნაწილაკის ორგანიზმში შეყვანის ნაცვლად, დნმ და რნმ ვაქცინები იყენებენ ვირუსის გენების ნაწილს მასპინძელი ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე დნმ და რნმ ვაქცინები აწვდიან შეტყობინებას მასპინძელ უჯრედებს, რომ შექმნან სასურველი ცილა (ანტიგენი), რის შემდეგაც იმუნური სისტემა ქმნის პასუხს (ანტისხეულებს) ამ ცილის წინააღმდეგ.

დნმ-ის ვაქცინით ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია ჯერ  გადაეცემა მესენჯერ-რნმ-ს (mRNA), შემდეგ კი მასპინძელ უჯრედებს.  ეს ნიშნავს, რომ მესენჯერი-რნმ-ის ვაქცინა, ერთი ნაბიჯით „უსწრებს“ დნმ-ის ვაქცინას.
მესენჯერ-რნმ კიდევ ერთი უპირატესობა დნმ-ვაქცინებთან შედარებით ის არის, რომ ინფორმაციის გადაცემისთანავე მესენჯერ-რნმ „იშლება“ და გამოიდევნება უჯრედიდან. ამიტომ, მისი ინტეგრაცია მასპინძელ გენომში შეუძლებელია.
რნმ-ზე დაფუძნებული სამკურნალო და პროფილაქტიკურ პრეპარატებზე მუშაობა 2000-იანებიდან დაიწყო.
რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სამკურნალო პრეპარატი „Onpattro“ 2017-2019 წლებში იქნა დაშვებული ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში იშვიათი  (ხშირად ფატალური) გენეტიკური დაავადების  - ამილოიდოზით გამოწვეული პოლინევროპათიის (hRTTR)  სამკურნალოდ.
მესენჯერ-რნმ-ზე დაფუძნებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები

o   Comirnaty -  ფაიზერ/ბიონტეკი (აშშ-გერმანია)

o   Spikevax - მოდერნა (აშშ).

 

წყარო

https://www.gavi.org/vaccineswork/what-are-whole-virus-vaccines-and-how-could-they-be-used-against-covid-19

https://www.gavi.org/vaccineswork/what-are-viral-vector-based-vaccines-and-how-could-they-be-used-against-covid-19

https://vk.ovg.ox.ac.uk/vk/types-of-vaccine

https://www.news-medical.net/health/What-is-a-Non-Replicating-Vaccine.aspx

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1986720/

https://sitn.hms.harvard.edu/flash/2015/rna-vaccines-a-novel-technology-to-prevent-and-treat-disease/

https://www.verywellhealth.com/rna-vs-dna-vaccine-5082285