კოვიდ-19 ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხშირად მულტისისტემურ გართულებებს იწვევს და გახანგძლივებული მიმდინარეობა ახასიათებს. პოსტ-კოვიდური პერიოდის მონიტორინგის თავისებურებებზე კარდიოლოგი ნიუ-იორკის მაიმონიდის ჰოსპიტლიდან ნანა გეგეჭკორი ( MD, PhD, MSCR) გვესაუბრა.
პოსტ-კოვიდური პერიოდის ადექვატური მართვისთვის საჭირო კვლევების ჩამონათვალი განსხვავდება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადების მწვავე ფაზის მიმდინარეობის სირთულის, ასევე სხვა თანმდევი დაავადებების და გართულებების მიხედვით.
საბაზისო, ზოგადი სკრინინგისთვის პაციენტებს ესაჭიროებათ შემდეგი გამოკვლევები:
· სისხლის საერთო ანალიზი
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
· ელექტროლიტები
· შარდოვანას აზოტი (BUN)
· კრეატინინი
· ღვიძლის ფერმენტები (AST, ALT, ბილირუბინის ფრაქციები)
პაციენტებს თანდართული დიაბეტით ან მათ, ვისაც სტეროიდებით მკუნალობისასას აღენიშნათ გლიკემიური პროფილის სერიოზული მოშლა დამატებით სჭირდებათ:
· გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1C) მონიტორინგი
პაციენტები, რომლებიც კოვიდ-19-ის საშუალო ან მძიმე ფორმით იყვნენ ავად, ან დაავადების მწვავე პერიოდში ანთებითი მარკერების დადასტურებულად მაღალი აქტივობა აღენიშნებოდათ, დამატებით საჭიროებენ შემდეგი პარამეტრების კონტროლს (ამ პარამეტრების მონიტორინგისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და ტესტების ჩამონათვალი უნდა განისაზღვროს კლინიკური ეჭვის საფუძველზე):
· ედსი
· C-რეაქტიული ცილა (CRP)
· ფერიტინი
· ლაქტატდეჰიდროგენაზა
· ინტერლეიკი-6 (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა დანარჩენები მაჩვენებელები მრავალჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს და ეჭვია შესაძლო დაგვიანებულ ციტოკინურ შტორმზე. ცხადია, ამგვარ შემთხვევაზე ეჭვი კლინიკური სურათის გათვალისწინებით მიიტანება)
მოსალოდელზე დიდხანს გაგრძელებული ან უეცრად აღმოცენებული დისპნეა, ან გამოხატული ტაქიკარდია რომელთა ახსნა ფილტვის ქსოვილის ანთებითი დაზიანებით გამოწვეული ჰიპოქსიით ვერ ხერხდება, იძლევა საფუძველს ეჭვი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაზე მივიტანოთ და საჭიროა ჩატარდეს შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:
· დ-დიმერი
· ფიბრინოგენი
· ფიბრინის დეგრადირების პროდუქტები
· აქტივირებული თრომბოპლასტინური დრო და INR
თუ ეჭვი გვაქვს გულსისხლძარღვთა სისტემის ჩართულობაზე აუცილებელია გადამოწმდეს:
· B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი BNP
· ტროპონინი
თიროიდული ჯირკვლის დისფუნქცია არც ისე იშვიათია ზოგადად მწვავე დაავადებების შემდგომ. ამ მდგომარეობის სკრინინგისთვის საჭიროა შემოწმდეს:
· თირეოტროპული ჰორმონი TSH
· თიროქსინი T4
· ტრიიოდთირონინი T3
სახსრების ან კუნთების ტკივილის მოსალოდნელზე დიდხანს ან უფრო მაღალი ინტენსივობით გაგრძელების შემთხვევაში ზოგად სკრინინგს შეიძლება დაემატოს:
· ანტინუკლეარული ანტისხეულები
· კრეატინკინაზა
ზოგადი სკრინინგისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკური სურათის გათვალისწინებით, მიზანმიმართულად ვიკვლევთ სპეციფიურ მაჩვენებლებს.